ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებლის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, გუშინ, ხურვალეთში, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც მან ფორმულას განუცხადა, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსული სამხედრო მანქანით სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული 4 პირი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა.
"გუშინ საკმაოდ ხმაურიანი დღე იყო ხურვალეთში. სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები, რომლებიც გადაადგილდებოდნენ სამხედრო მანქანით, ე.წ. ტაბლეტკით, მოვიდნენ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე და გადმოვიდნენ სასაფლაოზე, რომელიც წესით ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეა. რამდენჯერმე მოხდა ამ ხაზის გადმოკვეთა, რამდენჯერმე მოხდა პოლიციელებთან შეხლა-შემოხლა, შეიძლება ითქვას ხმამაღალი საუბარი", - განაცხადა ქაცარავამ.
მისივე თქმით, პოლიციამ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები დაკავების ნაცვლად უკან გააბრუნა.
"პოლიციამ არცერთი მათგანი არ დააკავა და ყოველი გაბრუნების შემდეგ ბრუნდებოდნენ რუსების საგუშაგოზე, რაც ჩემი აზრით გადის ყოფითი ნასვამობის და დებოშის ფარგლებიდან. ეს შეიძლება წააგავდეს რუსების, საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული გეგმის ნაწილს", - თქვა დავით ქაცარავამ.
წუხელ, ღამის საათებში ხურვალეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები შევიდნენ.
ფორმულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ინციდენტს უდასტურებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ოკუპანტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოსულან.